წესები და პირობებიიიიიიი
 
წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ (შემდგომში „აუქციონერი“) მიერ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანების რეალიზაციის მიზნით ორგანიზებული ინტერნეტ–აუქციონის (შემდგომში „აუქციონი”) ჩატარების წესებსა და პირობებს.
1. ზოგადი პირობები
1.1 რეგისტრაციის დასრულების ღილაკზე ხელის დაჭერით დასტურდება, რომ მომხმარებელი გაეცნო და დაეთანხმა აუქციონის ჩატარების ფორმებს, წესს, პროცედურებს, პირობებს და წარმოეშვა წინამდებარე წესებით და პირობებით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები.
1.2. ვებ-გვერდზე რეგისტრაციამდე მომხმარებელი უნდა გაეცნოს აღნიშნულ პირობებს. რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ მომხმარებელი ავტომატურად ექცევა წინამდებარე წესებისა და პირობების მოქმედების ფარგლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, აუქციონის წესების და პირობების მოქმედება გავრცელდეს მასზე.
1.3. წინამდებარე წესები და პირობები ვებ–გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების შედეგად აძლევს მომხმარებელს შესაძლებლობას, მიიღოს მონაწილეობა აუქციონში და მასში გამარჯვების შემდგომ, აუქციონერის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძინოს აუქციონზე სარეალიზაციოდ განთავსებული ავტომანქანა.
1.4. ვებ–გვერდზე განთავსებულ თითოეულ ავტომანქანას აქვს მინიჭებული ნომერი/კოდი და თან ერთვის მისი ტექნიკური მდგომარეობის აღწერილობა ფოტოსურათებით. ავტომანქანის აღწერილობაში მითითებულია მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელი ვალდებულია და ამასთან, ეძლება სრული შესაძლებლობაავტოაუქციონში მონაწილეობის მიღებამდე ადგილზე დაათვალიეროს ავტომანქანა, შეამოწმოს მისი ტექნიკური მდგომარეობა და მიიღოს სხვა მისთვის სასურველი ინფორმაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი კარგავს უფლებას გამოთქვას პრეტენზია ავტომანქანის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
1.5. იმ შემთხვევაში, თუ ვებ–გვერდზე განთავსებული ავტომანქანის რეგისტრირებულ მესაკუთრეს წარმოადგენს აუქციონერი, აღნიშნული ავტომანქანის აღწერილობის ნაწილში მითითებულია – „რეგისტრირებული მესაკუთრე–აუქციონერი“, ხოლო თუკი ავტომანქანის რეგისტრირებულ მესაკუთრეს არ წარმოადგენს აუქციონერი, ავტომანქანის აღწერილობის ნაწილში, მითითებულია „რეგისტრირებული მესაკუთრე – სხვა“.
1.6. ავტომანქანის შეძენის შემდგომ შემძენს უფლება არ აქვს განუცხადოს აუქციონერს პრეტენზია ავტომანქანის ტექნიკურ გაუმართაობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, წინამდებარე წესებით გათვალისწინებული პირობებით, მას ეკისრება ვალდებულება და ამასთან, ეძლევა სრული შესაძლებლობა ავტომანქანის შეძენამდე გაეცნოს მის მდგომარეობას.
1.7. სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის“ მიერ სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანების რეალიზაციის მიზნით ორგანიზებული ინტერნეტ–აუქციონის ჩატარების გარდა აუქციონერი ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების აუქციონს ელექტრონული აუქციონის სისტემის www.aldagicars.ge–ს მეშვეობით შემკვეთსა და აუქციონერს შორის დადებული მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულ შემთხვევაში აუქციონერის მომსახურება შემოიფარგლება მხოლოდ შემკვეთის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ელექტრონულ აუქციონზე განთავსებით (სატრანსპორტო საშუალების სურათების და ინფორმაციის განთავსება) და აუქციონერი არ აგებს პასუხს აუქციონში გამარჯვებული პირისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაცემაზე, ხარისხის შემოწმებისა და სარეალიზაციო ფასის გადახდის რეგულირებაზე. სატრანსპორტო საშუალების განთავსების გარდა ყველა სხვა საკითხზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ შემკვეთსა და გამარჯვებულ პირს/მომხმარებელს.
2. რეგისტრაციის პირობები
2.1. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია და აუქციონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს 18 წლის ასაკიდან და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს.
2.2. ფიზიკური პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს: „პირადი ნომრის“ (პირადობის მოწმობის 11 ნიშნა პირადი ნომერი), „გვარის“ და „სახელის“, „სქესის“, „მომხმარებლის“, „დაბადების თარიღის“, „პაროლის“, „ელექტრონული ფოსტისა“ და „მობილური ტელეფონის ნომრის“ ველებს. სავალდებულოა აღნიშნული მონაცემების უტყუარობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, წინამდებარე წესებით განსაზღვრულ შემთხვევაში, მონაწილე არ არის უფლებამოსილი დაიბრუნოს აუქციონში მონაწილეობის მისაღებად აუქციონერის ანგარიშზე შეტანილი სადეპოზიტო თანხა.
2.3. იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს: „საიდენტიფიკაციო ნომრის“, „სამართლებრივი ფორმის“, „საფირმო სახელწოდების“, „მომხმარებლის დასახელების“, „პაროლის“, „ელექტრონული ფოსტის მისამართის“ და „მობილური ტელეფონის ნომრის“. ველებს.
2.4. მომხმარებელი, წინამდებარე წესების 2.2. ან 2.3. პუნქტში მითითებული ველების სრულყოფილად შევსების შემდეგ დადასტურების ღილაკის მეშვეობით ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, ასევე აქვს სიახლეების მიღებაზე ხელმოწერის შესაძლებლობა.
2.5. რეგისტრაციის დასკვნით ეტაპზე სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით სისტემა აგზავნის აქტივაციის კოდს, რომელიც აქტიურია 5 (ხუთი) წუთის განმავლობაში. აღნიშნული კოდის მომხმარებლის მიერ შესაბამის ველში შეყვანის შემდეგ სრულდება რეგისტრაციის პროცესი.
 2.6. ვებ–გვერდზე რეგისტრაცია მომხმარებლისათვის უფასოა.
3. ავტორიზაცია
3.1. ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში მომხმარებლის სახელის (ID) და პაროლის შეყვანის გზით.
4. აუქციონში მონაწილეობის პირობები
4.1. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:
ა) ვებ–გვერდზე რეგისტრაცია (შესაბამისად რეგისტრაციის დროს აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება).
ბ) მომხმარებლის მიერ სადეპოზიტო თანხის შევსება არანაკლებ 300 (სამასი) ლარის ოდენობით ვებ. გვერდზე მითითებული საშუალებებით (იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვები - მუხლი № 3).
4.2. მომხმარებელს, რომელსაც სურს მონაწილეობის მიღება აუქციონში, ვალდებულია აუქციონერის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული ჰქონდეს თანხა არანაკლებ 300 (სამასი) ლარისა.
4.2.1 მომხმარებლები, რომლებსაც 4.2 პუნქტში შეტანილი ცვლილების ძალაში შესვლამდე უკვე შეტანილი აქვთ სადეპოზიტო ანგარიშზე 50 (ორმოცდაათი) ან 100 (ასი) ლარი, აუქციონის წესების დარღვევის შემთხვევაში დაჯარიმდებიან შესაბამისი თანხით - 50 (ორმოცდაათი) ან 100 (ასი) ლარით, მაგრამ დაჯარიმების შემდეგ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ისინი ვალდებულნი იქნებიან, რომ სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსონ არანაკლებ 300 (სამასი) ლარისა აუქციონის მოქმედი წესების და პირობების მიხედვით. აღნიშნული წესი ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, როდესაც მომხმარებელი იყენებს 4.3. პუნქთით გათვალისწინებულ სადეპოზიტო თანხის უკან დაბრუნების უფლებას.
4.3. აუქციონის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული სადეპოზიტო თანხის დაბრუნება მომხმარებელს/მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს, აუქციონერის მიერ ვებ–გვერდზე მითითებულ მისამართზე/სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგის” სალაროში გამოცხადების შემდგომ, იმ პირობით, რომ თანხის გატანის მომენტისთვის იგი არ მონაწილეობს მიმდინარე აუქციონში ან/და არ ფიქსირდება გამარჯვებულად ჩატარებულ აუქციონში და მის მიერ 2.2. ან 2.3. პუნქტში მითითებული მონაცემები ზუსტია (იხილეთ ხშირად დასმული შეკითხვები - მუხლი № 4).
4.4. აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებული მონაწილის მიერ წარმოდგენილი სადეპოზიტო თანხიდან 300 (სამასი) ლარი სრულად ირიცხება აუქციონერის ანგარიშზე, თუ:
ა) აუქციონში მონაწილე გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ) ინტერნეტ-აუქციონში მონაწილე გამარჯვებულმა წინამდებარე წესებით და პირობებით განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა ავტომანქანის საფასური;
გ) დაარღვია აუქციონში მონაწილეობის ამ წესებით და პირობებით გათვალისწინებული დებულებები.
4.4.1 იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის წესებსა და პირობებში სადეპოზიტო თანხის ოდენობასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლამდე მომხმარებელს სადეპოზიტო თანხად განთავსებული ჰქონდა 50 (ორმოცდაათი) ან 100 (ასი) ლარი, 4.4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში აუქციონერის ანგარიშზე სრულად გადაირიცხება სადეპოზიტო თანხიდან შესაბამისი თანხა - 50 (ორმოცდაათი) ან 100 (ასი) ლარი.
5. აუქციონი
5.1. თითოეული ავტომანქანისათვის აუქციონი დაწყებულად ითვლება მისი ვებ–გვერდზე გამოცხადების მომენტიდან.
 5.2. აუქციონის მონაწილე ირჩევს კონკრეტულ ავტომანქანას და ირჩევს ღილაკს “ბიდის განთავსება”, რის შემდგომაც იგი იწყებს აუქციონში მონაწილეობას. აუქციონის მონაწილე ბიდის განთავსებისთვის უთითებს საწყისი ფასის ოდენობას ან მიმდინარე ფასზე მეტ ოდენობას.
5.3. აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისათვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა.
5.4. აუქციონის დროს ფასის მატება ხდება „ონლაინ'' რეჟიმში დადგენილი მინიმალური ან მეტი ვაჭრობის ბიდის მითითებით.
5.5. მონაწილეს ასევე შეუძლია აირჩიოს ფუნქცია „ავტობიდერი“ შესაბამის ველში მისი მონიშვნის გზით, რაც უზრუნველყოფს პროგრამის მიერ ბიდის ავტომატურად მომატებას მონაწილის მიერ მითითებული თანხის მაქსიმალურ ოდენობამდე.
5.6. აუქციონში გამარჯვებულად ითვლება მონაწილე, რომლის მიერ აუქციონის დასრულებამდე შემოთავაზებული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.
5.7. კონკრეტული ავტომანქანის გვერდზე მონაწილეს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას აუქციონის მიმდინარეობის (გაცხადებული ფასების, ბიდების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიდის გათვალისწინებით.
5.8. მონაწილის მიერ ბიდის განთავსება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ავტომანქანის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ყოველი შემდგომი „ბიდის განთავსება“ ზრდის ავტომანქანის ფასს.
5.8.1. იმ შემთხვევაში, თუ  აუქციონის მონაწილე ერთდროულად მიმდინარე აუქციონებიდან რამოდენიმე ავტომობილის შესაძენად განათავსებს ბიდს და მოიგებს, უპირობოდ ვალდებულია  უკლებლივ ყველა ავტომობილის შეძენის ფასი ერთდროულად გადაიხადოს. წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონერი იტოვებს უფლებას გააუქმოსს ამ კონკრეტული მონაწილის მიერ ერთდროულად მოგებული ყველა აუქციონი და გამოიყენოს აუქციონის წესებით გათვალისწინებული ყველა უფლება მონაწილის მიმართ.
 
5.9. აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. აუქციონის დასრულების ვადა მითითებულია თითოეული ავტომანქანისათვის. თუ მონაწილის მიერ ბიდის განთავსება მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი 5 წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება 10 წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.
5.10. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მონაწილის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას.
6. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი და პირობები
6.1. აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში  გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია გამოცხადდეს აუქციონერის სამუშაო ადგილზე (ქ. თბილისი, პუშკინის ქ. #3, სამუშაო საათები: 10:00 – 18:00) ხელშეკრულების გაფორმებისა და ამავე ვადაში ავტომანქანის საფასურის გადახდის მიზნით.
6.2. აუქციონში გამარჯვებული მონაწილე ვალდებულია 6.1. პუნქტით განსაზღვრულ ვადაში და ადგილას ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადად, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით გამოცხადდეს აუქციონერის მიერ მითითებულ მისამართზე და წარმოადგინოს: ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წარმომადგენლის პირადობის მოწმობა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი/მინდობილობა.
6.3. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია აუქციონში გამარჯვებული ფიზიკური პირის მიერ პირადად გამოცხადება 6.1 პუნქტით განსაზღვრულ დროსა და ადგილას, მის ნაცვლად შესაძლებელია გამოცხადდეს აუქციონში გამარჯვებული პირის წარმომადგენელი, რომელიც აუქციონერს წარმოუდგენს შესაბამის მინდობილობას და პირადობის დამადასტურებელ მოწმობას.
6.4. იმ შემთხვევაში, თუ  აუქციონში გამარჯვებული მონაწილე არ გამოცხადდება ხელშეკრულების გასაფორმებლად 6.1 პუნქტით განსაზღვრულ დროსა და ადგილას, აუქციონერი აღნიშნული ვადის (აუქციონის დასრულებიდან 2 (ორი) სამუშაო დღე)ამოწურვიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მონაწილესთან დაკავშირებას / დაკავშირების მცდელობას. თუ მიუხედავად წინამდებარე პუნქტში აღნიშნული მოქმედებებისა, ვერ მოხერხდა მონაწილესთან დაკავშირება ან/და მონაწილე აუქიონერის მიერ დათქმულ ვადაში არ გამოცხადდა ხელშეკრულების გასაფორმებლად, აუქციონერი გააუქმებს აუქციონის შედეგებს და გამოიყენებს წინამდებარე წესებით გათვალისწინებულ უფლებებს მონაწილის მიმართ.
6.4.1 ვინაიდან, წინამდებარე წესების 5.8 პუნქტის თანახმად, მონაწილის მიერ ბიდის განთავსება განიხილება როგორც თანხმობა ავტომანქანის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე, აუქციონის შედეგების გაუქმების შემთხვევაში აუქციონერი უფლებამოსილია, რომ დაუკავშირდეს აუქციონის მონაწილეს, რომელმაც გამარჯვებულის მიერ უკანასკნელი ბიდის განთავსებამდე განახორციელა ფასის შეთავაზება და შესთავაზოს მონაწილის მიერ განთავსებულ ფასად ავტომანქანის შეძენა. აუქციონის მონაწილის თანხმობის შემთხვევაში მასზე გავრცელდება წინამდებარე აუქციონის წესების და პირობების ის წესები, რომელიც ეხება აუქციონში გამარჯვებულსა და აუქციონერს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას.
6.5. გამარჯვებული მონაწილე  აუქციონერის მიერ შესაბამისი ინვოისის საფუძველზე 6.1 პუნქტით დადგენილ ვადაში  სრულად ფარავს ავტომანქანის შესყიდვის ფასს წინამდებარე წესების შესაბამისად ან მონაწილე და აუქციონერი თანხმდებიან ავტომანქანის შესყიდვის ფასის განვადებით, არაუმეტეს ორ ტრანშად გადახდის პირობაზე. ავტომანქანის შესყიდვის ფასის ორ ტრანშად გადახდის შემთხვევაში, გამარჯვებული მონაწილე პირველად შენატანს ახორციელებს აუქციონერის მიერ შესაბამისი აუქციონის დასრულებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში და ფარავს ავტომანქანის შესყიდვის ფასის არანაკლებ 50%-ს (ორმოცდაათი პროცენტი), ხოლო დარჩენილი თანხის გადახდას გამარჯვებული მონაწილე განახორციელებს აუქციონერთან შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.
6.6. მონაწილე და აუქციონერი თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული მონაწილე დაარღვევს შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადახდის გრაფიკს (არ გადაიხდის შეთანხმებულ ვადაში მეორე ტრანშს) აუქციონერი უფლებამოსილია შეწყვიტოს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესით, დააკავოს პირგასამტეხლოს სახით ავტომანქანის სარეალიზაციო ფასის 10 %, მონაწილის მიერ განხორციელებული პირველადი შენატანიდან, დარჩენილი თანხა დაუბრუნოს მონაწილეს და გააუქმოს აუქციონის შედეგები აღნიშნულ ავტომანქანასთან მიმართებით.
6.7. იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანის რეგისტრირებულ მესაკუთრეს წარმოადგენს აუქციონერი, აუქციონში გამარჯვებული პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის შეთანხმებულ დროს და ადგილას გამოცხადების შემდგომ აუქციონერსა და გამარჯვებულს შორის ფორმდება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება.
6.8. იმ შემთხვევაში, თუ ავტომანქანის რეგისტრირებულ მესაკუთრეს არ წარმოადგენს აუქციონერი, აუქციონში გამარჯვებულ მონაწილე, აუქციონერი და რეგისტრირებული მესაკუთრე აფორმებენ შესაბამის ხელშეკრულებას/ებს. მხარეები შემდგომ ურთიერთობებს, მათ შორის ავტომანქანის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებენ მითითებული ხელშეკრულების/ების შესაბამისად.
7. მხარეთა უფლებამოსილება
7.1. აუქციონერი უფლებამოსილია:
ა) შეცვალოს აუქციონში მონაწილეობის წესი ან პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებ-გვერდზე. ამასთან, აღნიშნული ცვლილებების შესახებ აუქციონერი დამატებით მომხმარებელს უგზავნის შეტყობინებას მის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და ტელეფონის ნომერზე.
ბ) შეწყვიტოს აუქციონი ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მონაწილის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებ-გვერდს ან თვითონ აუქციონერს;
გ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, საკუთარი შეხედულებისამებრ, მიიღოს შესაბამისი ზომები, კერძოდ, დაბლოკოს მომხმარებელი, შეუზღუდოს მომხმარებელს (იმავე სახელის, გვარის და პირადი ნომრის მქონე პირს) ხელახალი რეგისტრაციის უფლება და აუკრძალოს აუქციონერის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ სადგომზე დაშვება.
დ) მონაწილის მიერ წინამდებარე წესებითა და პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გააუქმოს აუქციონის შედეგები.
ე) წინამდებარე წესების 6.6. პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონაწილის მიერ გადახდის გრაფიკის დარღვევისას, პირგასამტეხლოს სახით დაიტოვოს ავტომანქანის შესყიდვის ფასის 10% (ათი პროცენტი).
ვ) საკუთარი შეხედულებისამებრ გააუქმოს აუქციონის შედეგები, აუქციონში გამარჯვებულ პირთან არ გააფორმოს ავტომანქანაზე ნასყიდობის ხელშეკრულება და არ გადასცეს საკუთრების უფლება ავტომანქანაზე.
ზ) იმ შემთხვევაში, თუ აუქციონერსა და მომხმარებელს შორის არსებული ურთიერთობის განმავლობაში მომხმარებელი აუქციონერის მიერ დაჯარიმდება (ერთი და იმავე ან სხვადასხვა საფუძვლით) 10-ჯერ ან მეტჯერ, აუქციონერი უფლებამოსილია განახორციელოს მომხმარებლის დაბლოკვა, შეუზღუდოს მომხმარებელს (იმავე სახელის, გვარის და პირადი ნომრის მქონე პირს) ხელახალი რეგისტრაციის უფლება და აუკრძალოს ავტომანქანების ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე დაშვება.
7.2. აუქციონერი ვალდებულია:
ა) აუქციონერის მიერ აღნიშნული წესებისა და პირობების 7.1. მუხლის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, მომხმარებელს/ მონაწილეს, მისი განცხადების საფუძველზე, დაუბრუნოს სადეპოზიტო თანხიდან 300 (სამასი) ლარი წინამდებარე წესებისა და პირობების შესაბამისად, თუ მონაწილეს შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობის მიღება. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის წესებსა და პირობებში სადეპოზიტო თანხის ოდენობასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილების ძალაში შესვლამდე მომხმარებელს სადეპოზიტო თანხად განთავსებული ჰქონდა 50 (ორმოცდაათი) ან 100 (ასი) ლარი, მომხმარებელს წინამდებარე ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობის არსებობისას სადეპოზიტო თანხიდან სრულად დაუბრუნდება განთავსებული შესაბამისი თანხა - 50 (ორმოცდაათი) ან 100 (ასი) ლარი.
ბ) დაიცვას ხელშეკრულების პირობები.
გ) დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, დაუშვას იგი ავტომანქანის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე, მისცეს მას შესაძლებლობა დაათვალიეროს ავტომანქანა, შეამოწმოს მისი ტექნიკური მდგომარეობა და სხვა. ამასთან, აუქციონერი უფლებამოსილია გადადოს მომხმარებლის ავტომანქანის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე დაშვების თარიღი თუ არსებობს გადადების შესაბამისი მიზეზი.
7.3. მომხმარებელი/ მონაწილე უფლებამოსილია:
ა) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები;
ბ) მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ავტომანქანის შესახებ აუქციონერის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.
გ) ნებისმიერ დროს გაიტანოს მის მიერ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად შეტანილი სადეპოზიტო თანხა იმ პირობით, რომ თანხის გატანის მომენტისთვის იგი არ მონაწილეობს მიმდინარე აუქციონში ან/და არ ფიქსირდება გამარჯვებულად ჩატარებულ აუქციონში ან/და მის მიერ 2.2 ან 2.3 პუნქტში მითითებული მონაცემები ზუსტია.
დ) წინამდებარე წესებით გათვალისწინებული პირობებით, მოითხოვოს ავტომანქანის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე მისი დაშვება, დაათვალიეროს მისთვის საინტერესო ავტომაქანა, შეამოწმოს ავტომანქანის ტექნიკური მდგომარეობა და სხვა.  მომხმარებელს აღნიშნული უფლებამოსილების გამოყენება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაიცავს კომპანიის შიდა პროცედურებით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, აუქციონერი უფლებამოსილია გადადოს მომხმარებლის ავტომანქანის ფაქტობრივი ადგილსამყოფელის ტერიტორიაზე დაშვების თარიღი თუ არსებობს გადადების შესაბამისი მიზეზი.
7.4. მომხმარებელი/ მონაწილე ვალდებულია:
ა) დაიცვას წინამდებარე წესები პირობები;
ბ) აუქციონის დასრულებიდან  2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში აუქციონერის მიერ წარდგენილი ინვოისის საფუძველზე აანაზღაუროს შეძენილი ავტომანქანის ღირებულება სრულად ან განვადებით, ორ ტრანშად გადახდის შემთხვევაში განახორციელოს პირველადი შენატანი აუქციონის დასრულებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში აუქციონერის მიერ წარდგენილი ინვოისის საფუძველზე და შემდგომი გადახდა განახორციელოს შეთანხმებულ ვადაში;
გ) სრულად დაფაროს ავტომანქანის მის რეგისტრირებულ საკუთრებაში გადასვლის/გადაფორმების ხარჯები;
დ) ავტომანქანის მის რეგისტრირებულ საკუთრებაში გადასვლიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს შეძენილი ავტომანქანის გატანა მისი განთავსების ადგილიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომანქანის შემდგომი დაზიანების/განადგურების რისკი გადადის გამარჯვებულ მონაწილეზე და აუქციონერი უფლებამოსილია დაარიცხოს მონაწილეს პირგასამტეხლო ავტომანქანის ღირებულების 0.1%.
ე) მონაწილეს არ აქვს უფლება ფასების ხელოვნურად გაზრდის მიზნით მონაწილეობა მიიღოს აუქციონში, წინააღმდეგ შემთხვევაში, აუქციონერი უფლებამოსილია გააუქმოს მომხმარებლის პროფილი, შეზღუდოს იგივე მომხმარებლის ხელახალი რეგისტრაცია, სადეპოზიტო თანხა (ასეთის არსებობისას) ჩარიცხოს საკუთარ ანგარიშზე და არ დაუშვას მომხმარებელი ავტომანქანების ფაქტობრივ ადგილსამყოფელზე.
8. ანგარიშსწორება
8.1. აუქციონში გამარჯვებული მონაწილის მიერ ავტომანქანის შესყიდვის ფასის სრულად ან განვადებით გადახდის შემთხვევაში პირველადი შენატანის გადახდა წარმოებს აუქციონის დასრულებიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში, აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ აუქციონერის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის/შეტანის გზით.
8.2. ავტომანქანის შესყიდვის ფასის განვადებით გადახდის შემთხვევაში, გადახდა წარმოებს ორ ტრანშად. პირველადი შენატანის ოდენობა განისაზღვრება ავტომანქანის შესყიდვის ფასის არანაკლებ 50%–ს (ორმოცდაათი პროცენტი) ოდენობით, რაც გადაიხდება აუქციონის დასრულებიდან  2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში. დარჩენილი ღირებულების გადახდა მონაწილის მიერ განხორციელდება აუქციონერსა და მონაწილეს შორის წერილობით შეთანხმებულ ვადაში. ამასთან, აუქციონერი უფლებამოსილია არ გადასცეს ფაქტობრივ მფლობელობაში აუქციონში გამარჯვებულ მონაწილეს ავტომანქანა ნასყიდობის ფასის სრულად გადახდამდე.
8.3. აუქციონში გამარჯვებულ მონაწილეზე ავტომანქანის რეგისტრირებულ საკუთრებაში გადაცემის/გადაფორმების ხარჯებს სრულად ფარავს აუქციონში გამარჯვებული მონაწილე.
9. კონფიდენციალურობა
9.1. აუქციონერი ვალდებულია არ გაამჟღავნოს მომხმარებლის რეგისტრაციის დროს მიღებული ინფორმაცია. ამასთან, მომხმარებელი, რეგისტრაციის გზით თანხმობას აცხადებს, რომ აუქციონერი დაუკავშირდეს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე/ტელეფონზე საკუთარი პროდუქციის/ მომსახურების შეთავაზების მიზნით.
10. მოქმედი კანონმდებლობა
10.1. ამ წესებითა და პირობებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.
10.2. ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს.






ხშირად დასმული შეკითხვები
 
  1. როგორ დავრეგისტრირდეთ საიტზე?
საიტზე დასარეგისტრირებლად:
• უნდა დააჭიროთ ღილაკს „რეგისტრაცია“
• შეავსოთ იქ არსებული ყველა აუცილებელი ველი სწორად და ზუსტად
• მიუთითეოთ პირადი ელ. ფოსტა და მობილური ტელეფონის ნომერი, მეილი აუცილებელია რეგისტრაციის დასრულებისთვის;
• ზუსტად შეავსოთ სახელი, გვარი , პირადი ნომერი, რადგან აუქციონზე გამარჯვების შემთხვევაში თქვენ მოგეთხოვებათ პირადობის წარდგენა მანქანის წასაყვანად.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ თქვენს მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით სისტემა აგზავნის აქტივაციის კოდს, რომელიც აქტიურია 5 (ხუთი) წუთის განმავლობაში. აღნიშნული კოდის მომხმარებლის მიერ შესაბამის ველში შეყვანის შემდეგ სრულდება რეგისტრაციის პროცესი, რის შემდგომაც თქვენ შეძლებთ შეხვიდეთ საიტზე თქვენს მიერ არჩეული „მომხმარებელით“ და პაროლით. გახსოვდეთ, რომ რეგისტრაციის დასრულებისთვის საჭიროა დაეთანხმოთ წესებს და პირობებს.
  1. რატომ მთხოვს ბალანსის შევსებას აუქციონში მონაწილეობის მიღებისთვის?
იმისათვის, რომ დავიცვათ მომხმარებლები ყალბი მყიდველებისგან (რომლებიც მონაწილეობენ აუქციონში, ზრდიან ფასს და შემდეგ არ ყიდულობენ მანქანას) აუქციონში მონაწილეობის მისაღებად კომპანიამ დააწესა მინიმალური შენატანი 300,00 (სამასი) ლარი, თანხა არ წარმოადგენს კომპანიის საკუთრებას და მომხმარებელს შეუძლია გაიტანოს უკან ჯარიმის გარეშე. კომპანია უფლებას იტოვებს დააჯარიმოს მომხმარებელი და ჩამოაჭრას ეს თანხა თუ ის არ შეასრულდებაებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებს.
  1. როგორ შევავსო ბალანსი?
ბალანსის შესავსებად გთხოვთ მიხვიდეთ საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში ან „ალდაგის“ სალაროში და შეიტანოთ თანხა GE78BG0000000121230200 ანგარიშზე. გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ დანიშნულებაში მომხმარებლის პირადი ნომერი. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია ვერ შეძლებს თქვენი ჩარიცხული თანხის ასახვას თქვენს ბალანსზე. თანხის ასახვა მომხმარებლის პროფილში მოხდება 1 სამუშაო დღეში.
  1. როგორ უნდა გავიტანო მინიმალური შენატანი და რა შემთხვევაში არ მაქვს ამის უფლება?
თანხის გასატანად უნდა მიბრძანდეთ სადაზღვევო კომპანია ალდაგის სალაროში შემდეგ მისამართებზე: თბილისი: ჭავჭავაძის გამზირი №20, ყაზბეგის გამზირი №25; ბათუმი: მემედ აბაშიძის №1. გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რომელსაც აწერია პირად ნომერი. თანხის გატანის უფლება არ გაქვთ თუ თქვენ მონაწილეობთ მიმდინარე აუქციონში ან მოგებული გაქვთ აუქციონი, მაგრამ გადახდილი არგაქვთ მანქანის საფასური
  1. რა მდგომარეობაშია მანქანა?
აუქციონზე წარმოდგენილია მანქანის სურათები და დეტალური აღწერა. დამატებითი ინფორმაციისთვის თქვენ შეგიძლიათ თავად ნახოთ მანქანა მისამართზე: ქ.თბილისი, დიღომი, როსტევანის I შესახვევი, #7, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ტოიოტა ცენტრი თბილისის მიმდებარე ტერიტორია - აკამოტორსი, ან საიტზე მითითებულ მისამართზე.
  1. რა არის ავტობიდერი?
თუ მომხმარებელი დაინტერესებულია მანქანით, მაგრამ ვერ ხვდება კომპიუტერთან რომ გაუწიოს კონკურენცია მეტოქეებს, მას შეუძლია დააყენოს ავტობიდერი, ბიდების ავტომატურ რეჟიმში განთავსება, რომელიც მასში მითითებულ თანხამდე მინიმალური ბიჯით გაზრდის კონკურენტის მითითებულ ფასს. ეს საშუალებას მისცემს მომხმარებელს დაზოგოს თანხა და მოიგოს აუქციონი მინიმალურ შესაძლებელ ფასად.
  1. აუქციონის დასრულებამდე 1 წუთით ადრე გავზარდე ფასი, მაგრამ აუქციონი კიდევ 10 წუთს გაგრძელდა. რატომ?
ალდაგი აძლევს საშუალებას მომხმარებელს არ წააგოს აუქციონი მექანიკური დაყოვნების გამო. თუ აუქციონის დასრულებამდე დარჩენილია 5 წუთზე ნაკლები, ბოლო განაცხადის დროს გადასწევს 10 წუთით. ეს მომხმარებელს საშუალებას აძლევს მშვიდად გააკეთოს არჩევანი და მცირე უყურადღებობის გამო არ წააგოს აუქციონი.
  1. აუქციონის ძებნაში ზოგიერთი მანქანა თეთრი ფერითაა ჩამონათვალში, ხოლო ზოგი ნაცრისფერით. რატომ?
თეთრი ფერითაა მონიშნული ის მარკები რომლებიც მონაწილეობენ მიმდინარე აუქციონში, მომხმარებელს შეუძლია მოძებნოს ასევე ვადაგასული აუქციონები რაიმე ტიპის ინფორმაციის მისაღებად.
  1. რას ნიშნავს ღილაკი „საინტერესო აუქციონებში დამატება“?
ამ ღილაკის მონიშვნით, მანქანა აღმოჩნდება თქვენს პროფილში -საინტერესო აუქციონებში და მასზე ბიდის გაკეთება თქვენ მოგივათ შეტყობინებად. ეს საშუალებს მოგცენთ შეხვიდეთ თქვენს პროფაილში და თვალი გადაავლოთ თქვენთვის საინტერესო ლოტებს.
  1. მაქვს კითხვები აუქციონის ან კონკრეტული მანქანის თაობაზე, ვის მივმართო?
 შეგიძლიათ დარეკოთ ალდაგის ქოლ-ცენტრში ტელეფონზე 2 444 999 , დატოვოთ თქვენი ნომერი და აუცილებლად დაგიკავშირდებიან.
  1. რატომ ვერ ვაკორექტირებ ბიდს?
ხანდახან მომხმარებელი თანხის შევსებისას უშვებდა შეცდომას და წერდა არარეალურ თანხას, რაც სხვა მომხმარებელს უსპობდა შანსს მიეღო მონაწილეობა აუქციონში. ახალი სქემით, საიტი ავტომატურად სთავაზობს მომხმარებელს მინიმალურ შესაძლებელ ბიდს. მომხმარებელს შეუძლია "+" და "-" ღილაკების მეშვეობით გაზარდოს და შეამციროს თანხა 1 ბიჯით.